


უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომელსაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ. უშგულის ეტიმოლოგიას „უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. წარმოადგენდა სვანეთის ერისთავთა ფარჯანიან-ვარდანისძე-მარუშიანთა რეზიდენციას. ერთიანი სვანეთის დაშლის შემდეგ უშგული ე. წ. თავისუფალი სვანეთის ნაწილი იყო, მაგრამ უკანასკნელ დრომდე (1810) იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა რაჭასთან ერთად. უშგულის თემმა თავისი ისტორიის მანძილზე არაერთი მოძალადე მოიგერია, მათ შორის ფუთა დადეშქელიანი (XVII საუკუნის II ნახევარი).
